понедельник, 6 апреля 2009 г.

შემოქმედება

ამბროსი ნეკრესელი მოღვაწეობდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ამბროსის ძმა, ნიკოლოზი, ყოინისძე ყოფილა. მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი, ტარასი არქიმანდრიტის ცნობაზე დაყრდნობით, გვატყობინებს, რომ ამბროსი მიქაძე იყო. ამ ცნობის უეჭველობა დაადგინა სოლ.ყუბანეიშვილმა.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში გადაწერილ ხელნაწერებში (H3,იოანე ოქროპირის თარგმანებმა იოანეს სახარებისა,1768 წ; S69,ანტონ 1-ის კატეხიზმო,1769 წ.) ამბროსი თავის თავს სიონის ხუცესს, ან სიონის დეკანოზისშვილს ხუცეს ზახარიას უწოდებს. სავარაუდოა, რომ ზაქარიას მღვდლად კურთხევა 1758 წელს მომხდარიყო, რადგან საეკლესიო წიგნი განაჩინებს, სამღვდელო კანდიდატი 30 წლისა უნდა იყოს, თუმცა ხელდასხმა ადრეც შეიძლებოდა აღსრულებულიყო, ზაქარიას თბილისში 1777 წლამდე უმოღვაწია.1776-1777 წლებში იგი სტუმრობს დავით გარეჯის ლავრას. აქ გადაუწერია; ითიკა „და დაუჯდომელი ჯვარისა”. ეს უკანასკნელი თხზულება მას საბა ნინოწმინდელის დავალებით გადაუნუსხავს. 1776-1777 წლებში გადაუწერია მას ნათლისმცემლის მონასტრის საბუთებიც(26,313). 1777 წელს ზაქარია უკვე ბერად აღკვეცილა და მიღებული აქვს ამბროსის სახელი. მას მცირე ხანს იკორთაში უმსახურია არქიმანდრიტის ხარისხში. კრებული შეიცავს 1777 წელს შესრულებულ ამბროსის ანდერძს,რომელშიც იგი თავის თავს წილკნელად მოიხსენიებს და იქვე აღნიშნავს,რომ მანამდე იკორთის არქიმენდრატი იყო.გარეჯის უდაბნოსა და იკორთაში მის მოღვაწეობაზე ერეკლე II –ისადმი მიწერილი ლექსიც გვიამბობს:


 ,,რა თქვენი ოქმი მებოძა, აღარ მივეცი თავი ძილსა

უდაბნოში წინამძღვარსა გამომახვეს სიტყვა ტკბილსა,

იქ იკორთა დაუტევე, ვერც იქ ვენდე ლეკის კბილსა,

და წილკანს უარესი მიყვეს, ვერც აქ უძლებ გუთნის თხრილსა

...უდაბნოში ღოლო დამრჩა ,იკორთაში წინამძღვრობა,

ქალაქს გახლდი-მგალობლობა,მწერლობა და მწიგნობრობა...”


როგორც ამ სტრიქონებიდან ვიგებთ, ქალაქში მეფის გვერდით მოღვაწეობისას იგი მგალობლობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული, უდაბნოში ნივთიერ სივიწროვეში ყოფილა, თუმცა ნანობს ;სიტყვატკბილ” წინამძღვარს რომ დააშორეს, იკორთაში მოღვეწეობისას კი მუდმივად ლეკთა შემოსევა აშინებდა.

1777 წლიდანიკორთის არქიმანდრიტი ამბროსი წილკნელი ეპისკოპოსი ხდება, ეუფლება ამ უძველეს კათედრას და აჩაღებს მისთვის ჩვეულ თავგანწირულ მსახურებას. ამბროსის ხელი მიუყვია საკათედრო ტაძრის აღდგენისათვის, წამოუწყია წმინდა ისე წილკნელის საფლავის შემკობა. ამ დროისათვის წილკანი ლეკთა შემოსევების გამო საშიში ადგილი ყოფილა. ეპისკოპოსი იშვიათად სწირავდა, არც ქადაგების მსმენელი ყავდა, არც მგალობელი, ენატრებოდა დღესასწაულის რიგზე გადახდა;


,,ქადაგების გარდაგდება,ლექსთა თქმა რა სახელია,

წლამდის უწირავად დგომა ეპისკოპოსთ რა ხელია,

და სხვა ცოდნა, ტიბიკონი, გალობა გარდამელია,

და დღესასწაულთა გარდახთა თვალით არღა მნახველია”.


  ამბროსის არაგვის ხეობაში უმოღვაწია 15 წელი (1777-1792) რომლებიც გაჭირვებითა და წინააღმდეგობებით ყოფილა სავსე .ვიღაცას ამბროსისთვის ცილი დაუწამებია და განსაცდელში ჩაუგდია. ამის შესახებ იგი გულისტკივილით სწერს ერეკლე მეფეს;


 ,,ჯერ წილკანი ხომ რა იყო,თქვენცა უწყით,უშენ იყო,

მიველ, ვაშენე, რაც იყო ,ნაღვაწი არაგვით იყო.

ვერ ვითყვი, ვინც ეს მიყო,მამულები სულ დამიყო”.


ერეკლე მეფეს ამბროსი სამეფო პალატაში დაუბარებია, ცისკარის ალილო გვასწავლეო.ამ ბრძანების მიმღები მღვდეკმთავარი გამგზავრებულა თბილისს და;ეგდენი იქაური ნაღვაწი და გარჯილობა მოქცეულის გუმბათისა, რუსეთიდა მოტანილის დიდის ჯვარისა,და ისე წილკნელის სანაწილისა და სხვა ეგოდენის შენობისა ყოველი დაუტევა. „წილკანში წმიდა ისესიროიკები” დაუწერია.

ერეკლე მეორეს ამბროსი წილკნელობიდან გაუთავისულებია და მანგლელად დაუსვამს. ეს მოხდა 1792 წელს. მისი მანგლელობა მცირე ხანს უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ამ კათედრაზე მოღვაწეობას ამბროსი არ მიმოიხილავს ფართოდ, არამედ ორი სიტყვით გვაუწყებს; მერმე მანგლელობა მიბოძა მერმე ნეკრესლობა. „ნიშნად იმისა, მანგლისის ეპარქიას რამდენიმე თვე მწყემსავდა, თავის თავს ;წილკნელ-მანგლელ ყოფილს“ უწოდებს.

1793 წლის ოქტომბრიდან ამბროსი ნეკრესის კათედრაზეა გადაყვანილი. ნეკრესი უძველესი კათედრა იყო. საუკუნეში მისი მღვდელმთავარი წმინდა აბიბოს ნეკრესელია. ნეკრესის ეპისკოპოსი მნიშვნელოვანი სასულიერო და სამხედრო პირი „მემარჯვენე სპასპეტიც“ იყო. კახეთის მეფე გიორგი-I გატარებული სამხედრო რეფორმის შედეგად სადროშოების სარდლობა ეპისკოპოსებს დაეკისრათ, რადგან მათ ამ თანამდებობის გამოყენება მეფის საზიანოთ არ შეეძლოთ. კახეთი ოთხ სადროშოთ დაიყო. ერთ-ერთი სასპასპეტო დროშა ნეკრესის ეპისკოპოსს ებარა, ამისშესახებ ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს. „ნეკრესელი ეპისკოპოსი არის მემარჯვენე სპასპეტი კახეთის სამეფოისა”

მე-18 საუკუნის 40-წლებიდან 1811 წლამდე ნეკრესის კათედრა უპყრიათ ცნობილ ქართველ მღვდელმთავრებს: იოანე ჯორჯაძეს, დოსიეთეზ ჩერქეზიშვილსა და ამბროსი მიქაძეს. 1740 წლიდან ნეკრესი სამიტროპოლიტიო კათედრაა. პირველი მიტროპოლიტი ყოფილა იოანე ენისელთ მოურავის ძე რომ ამბროსის ახალ კათედრაზე დანიშვნისთანავე მიუღია მიტროპოლიტის პატივი.

გახშირებული ლეკიანობის გამო ნეკრესი დაცემულა და გაპარტახებულა. ამბროსი შილდას დამკვიდრებულა; ქრონიკოს უპბ, დეკემბერს ბ”. აქ მას დიდი შრომა გაუწევია „რაც არაგვსა და წილკანს გარჯა მქონდა, ჩემმა სულმა, რომაქ უმეტესად გავისარჯე სულიერი სწავლითა ხოლციელის შენობითა და ეკლასიაზე გარჯითა“. შილდაში დასახლებულ მღვდელმთავარს ღმრთისმშობლის ეკლესია აუშენაბია. იგი გამუდმებით მის ცდაში იყო, ეკლესიის ნაკლულევანება შეევსო.1794 წლის აგვისტოში შილდის ეკლესიისთვის ჩამოუსმევინებია ზარი .1808 წელს ტაძრისთვის შემოუვლია გალავანი და მის გარეთ აუგია წისქვილი. უმთავრეს საქმედ კი ტაძართა საღვთისმსახურო წიგნებით შემკობა მიაჩნდა.  

ამბროსი ნეკრესელის ეპარქიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჰომილეტიკური მოღვაწეობით.აქ მას აბიბოს ნაკრესელის სახელზე შეუთხზავს „იროიკოთი შესხმა”. მღვდელმთავარი ერთნაირი გულმოდგინებით სამღვდელო დასისა და ერისკაცთა განათლებისთვის: თხზავდა და წარმოთქვამდა ქადაგებებს, მათ გადაწერილ პირებს აგზავნიდა ეკლესიებში, რათა მოძღვრებს საჭირო დროს ერის წინაშე წაეკითხათმღვდელმთავრის სწავლა-მოძღვრებანი, ადგენდა კრებულებს ახლად აღდგენილ მღვდელთა განსასწავლად, განმარტავდა სახარების ტექსტს, შექმნა „სწავლა ყრმათათვის“ და სხვა. ყოველივე ამას დიდი ფიზიკური და სულიერი ძალები ჭირდებოდა. „ესეები ასე მუპლზე წერით ფეხის ტკივილით, შევიძელ ჩემმა ცხოვრებამა”. - ჩივის ამბროსი, მაგრამ ღმრთისა და ერის წინაშე მაღალი მოვალეობით შთაგონებული იქვე განაგრძობს „და კვალად ვიგონო რამე სხვათაცა რაისამე წერად, უკეთუ ინებოს მადლმან ღრთისამან”. ღვაწლმოსილი მიტროპოლიტი ნეკრესის ეპარქიას 18 წელი ემსახურებოდა. 1812 წელს მან გულნატკენმა შემდეგი სიტყვებით დატოვა თავისი სამწყსო „მოხუცსა აღეშურნენ ვიეთნიმე უცებნი”. თუმცა მალე უკანვე დაუბრუნებიათ მხცოვანი მღვდელმთავარი, რათა აღეშენებინა განადგურებული მხარე სადაც „თვრამეტს წელს ნაშენები შვიდი სახლი დაწისქვილის გარდა კოშკით და ფიცრულის შენიბით სრულებით დამწვარი და დაქცეული იყო და ეგრეთვე ყოვლითურთ უწყალოთ აღეორებინათ”.

ამბროსი ნეკრესელის გარდაცვალების თარიღი დაუდგენელია. ერთი ცნობით იგი 1796 წელს გარდაცვლილა, რაც არ არი სწორი დიმ. ჯანაშვილი მისი აღსასრულის თარიღად 1812 წელს ასახელებს, თუნცა ამბროსი 1813 წელს ისევ შილდაში ჩანს. 4970 ხელნაწერი შეიცავს „ქადაგებას წმ. გიორგის ხსენების დღეს”, რომელიც გრიგოლ დიაკვანს გადაუწერია. ხელნაწერს ბოლოში დართული აქვს ანდერძი: „ აღვწერე და ვისაჯე უღირსმა ეპისკოპოსმან ნეკრესელმა წელსა. დაიწერა ესე წერილი ივნისს გ.ქორონი კონსფგ”. მის ქვემოთ გრიგოლ დიაკვანის მინაწერია რასაც მოსდევს ხელრთვა „ამვროსი” და ;გრიგოლი”. ამ დროს 1815 წელს, ამბროსი მიქაძე ღრმათ მოხუცებული - 87 წლისა უნდა ყოფილიყო. ამბროსის 1631 კრებული, რომელშიც ერეკლე მეფის, ანტონ კათალიკოსის, ვახტანგ და ლეონ ბატონიშვილებისადმი მიძღვნილი ლექსებია თავმოყრილი, ჭვირნიშნიანია. აღნიშნული კრებული 1823 წელსაა შედგენილი მღვდელმთავრის მიერ. 1823 წელი ამბროსი ნეკრესელის ბიგრაფიაში ჩვენთვის ცნობილ თარიღთაგან უკანასკნელია, რომელიც ადასტურებს, რომ 95 წლის მიტროპოლიტი ცოცხალია და კვლავ განაგრძობს სასულიერო -სამწერლო მოღვაწეობას.

ამბროსი ერეკლე მეორესთან დაახლოებული პირი ყოფილა. მას მეფე წილკნიდან თბილისს იბარებს, მოდი, ცისკრის ალილო გვასწავლეო, იგი ტრიალებდა იმ წრეში ლეონ და ვახტანგ ბატონიშვილები. ლეონ ბატონიშვილის მიმართ მღვდელმთავარს განსაკუტრებული სიყვარული ჰქონდა. მას მიუძღვნა რამდენიმე შესხმა და ლექსი. ერთ მადგანში ლეონს „სატრფოდ” მოიხსენიებს. ვახტანგ მეფის ძე ამბროსის „ სარწმუნო მეგობარს” უწოდებს .იგი ანტონ II კათალიკოსის ერთგული თანამისანგრე იყო. მას არა მხოლოდ ლექსით აქებდა, ქადაგებაშიც ხაზგასმით აღნიშნავდა კათალიკოსის შეურყეველ მართლმორწმუნეობას. ამბროსის პატრიოტულ ჰომოლიებს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა არაგვის ხეობისა და ნეკრესის ეპარქიის მკვიდრთა სარწმუნოებრივი ცხოვრებისა და ეროვნული შეგნების ამაღლებისათვის.

ამბროსი მიქაძე სამწერლო და კალიგრაფიული მოღვაწეობით გამოირჩეოდა. მის მიერ შედგენილი და გადაწერილია მრავალი კრებული., ლიტერგიკულ-საღვთისმსახურო ტექსტი, ჰომოლია, ისტორიული თუ საერო შინაარსის თხზულება. განსაკუთრებული ხელოვნებით არი შესრულებული ნუსხურით ნაწერი წიგნები. უნდა აღინიშნოს, რომ ამბროსი დაუფლებული წიგნის აუცილებელი ატრიბუტების გაფორმებასაც:სახედაო ასოებს, ჩართულ მთავრულს და სხვა...: რიგიანად ასრულებდა თავსამკაულებსაც, თუმცანახატი მორთულობა მის წიგნებში მაინც იშვიათად გვხვდება (10, 185). ამ მხრივ აღსანიშნავია „თარგმანება წმიდასა სახარებისა მათეს თავისა, თქმული წმიდასა მამისა ჩუცნისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა” ( 280). ნუსხური ნაწერის თავკაზმულობა ფერებითაა მოხატული, სათაური შესრულებულია მთავრული ასოგრეხილით.

ასოთი ,რომლის მოხატულობაში გამოყენებულია წმინდა გიორგის გამოსახულება: იგი შუბით გმირავს გველეშაპს. ამ საზედაო ასოს მარცხენა მხარეს ქმნის მაკურთხეველი ხელიუფლისა. საცავი ფურცლის v-ზე გამოსახულია ლურჯ წრეში ჩახატული ჯვარი, რომელიც დგას მწვანე ფერის სფეროზე, რომელსაც სფეროს პოსტამენტად აქვს ნახევარმთვარისებური ფერადი რკალები. კომპოზიცია ეყრდნობა თაღისებურ ფერად რკალებს. ტექსტში გაფანტულია მოზრდილი საზედაო ასოები, დახატული შავითა და სინგურით. რიგიანატ არის გაფორმებული „ძლისპირნი და ღვთისმშობლისანი” ( 338).ხელნაწერის პირველ გვერდზე გამოხატულია იოანე დამასკელის მინიატიურა, მე-2 გვერდზე, თექსტის ზემოთ, არის მშვენიერი მოხატული თავსართი.

ამბროსი ნეკრესელის დათარიღებულ ხელნაწერთა შორის ყველაზე ადრეულია-1742 წელს გადაწერილი კონდაკი ( 367). ამ დროს კალიგრაფი 14 წლის უნდა ყოფილიყო. ამბროსი გადაწერისას ერთ დედანს კი არ ეყრდნობოდა ,არამედ მას სხვა ხელნაწერს უდარებდა. 1761 წელს გადაწერილ „ქართლის ცხოვრებას”( 988) ახლავს ამბროსის ანდერძი რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობდა გადამწერი შერყვნილი ტექსტის შესწორებას: „სამი დედანი ვნახე, ამის მეტი არა ეწერა, და სიტყვანიც და ლექსნიცა ესრეთ ეწერნეს. თუ სხვა არის სადმე მეტი, ან თვით ამასსავე ავქსონს ლექსსა და სიტყვას დაუწუნებთ, თქვენ იცით და მან“ (272).

ამბროსი ნეკრესელის მიერ შესრულებული ხელნაწერების დიდი ნაწილი სასულიერო შინაარსისაა. განათლებულმა მღვდელმთავარმა რომელიც ერთი თავის ქადაგებაში წუხს, წიგნებით ღარიბნი ვართო. მრავალი საღვთისმსახურო ტექსტი გადაწერა. გავერანებულ, დარბეულ და მოუვლელ ტაძრებში, სხვა სახმარ ნივთებთან, წიგნების უონლობაც უშლიდა ხელსღმრთის მსახურების წესისამებრ აღსრულებას. ამბროსის შუაღამითაც კი უხდებოდა მუშაობა, რომ ლიტერგიკული ტექსტებით უზრუნველყო სამღვდელოება. 1782 წელს გადაწერილ სადღესასწაულო ანდერძში ნათქვამია: „ეს ჩემმა მოსაყდრე ეპისკოპოსმა სცნას, რაზე ვიწყალებ თვალებს. შუაღამეა რომ ვსწერ წილკანს, 1782 , სექტემბერს კდ, წილკნელი ამვროსი. იმიტომ რომ ღმერთი გაუწყრა რომელთამე აქაურთ, წიგნი აღარ დამახვედრეს მოკელეთ და არც ერთი საპმარი საყდრისა და სახლისა, და ყოვლითურთ ყოველივე გაკრებული დამხვდა. მაშ რა ვქნა სატანჯველში ვარ“( 973, 24).

საღვთისმსახურო-ლიტურგიკული დანიშნულების წიგნების გარდა ძალზე საშურო საქმე იყო სამოძღვრო შინაარსის ხელნაწერთა გადაწერა გამრავლებაც. იმ ეპარქიებში, სადაც მოღვაწეობდა ამბროსი მიქაძე სარწმუნოება შერყეული, შერყვნილი იყო და მხოლოდ ერისკაცთა არა,სამღვდელო პირტაც ესაჭიროებოდათ სასულიერო განსწავლა მოუსვენარი მოძღვარი ამ ხარვეზის ამოსავსებად მრავალ კრებულს ქმნის. უბინაობასა და მოუწყობელ საყოფაცხოვრებო პირობებს ხელი არ შეუშლიათ მისთვის, გადაეწერა და შეექმნა ერის განსანათლებელი თხზულებები. წილკნის ეპისკოპოსად ყოფნის დროს, 1789 წელს მას შეუდგენია „წიგნი აღსარებისა”( 1380), რომლის ანდერძი წარმოაჩენს მის დაუღალავ ღვაწლსა და ზრუნვას სამწყოს სულიერ განათლებაზე. „მცირედშრომილი და აღწერილი მცირედი გამოძიება აღსარების ვიღვაწე ჩემთა სამწუსოთათვის წილკნელმა ამვროსიმ. რომელთაარა უწყოდენ მათთვის საკმარ არს. 1789. უსკამოდ დავსჯღარბე, მუპლზე აღწერით. რაღა ვყო უბინაო მწერალმან განილია ჩვენი ცხოვრება[ა] (12r).

ამბროსი ნეკრესელის ხელნაწერთა გადანუსხვეძე უმუშავია თბილისსა და დავით გარეჯის უდაბნოში, წილკანსა და ნეკრესში. ზოგი ხელნაწერი მას მღბდლობაში შეუსრულებია, ანდერძებში მინიშნებულიც აქვს: „სიონის დეკანოზიშვილი, უცები ხუცესი ზაქარია” ( 3,348r) „უღირსი მღვდელი ზაქარია” (H980, 37r), „ცოდვილი ზაქარია ძე დეკანოძისა, უღირსი მღვდელი”(H 988,272r), „ყოვლად უღირსი მღვდელი ზაქარია” (H1684,169r). ნაწილი ხელნაწერებისა უკვე ბერად აღკვეცილსა და სახელგამოცვლილს გადაუნუსხავს. ამ პერიოდში გადაწერილ ხელნაწერებზე დართულ ანდერძ-მინაწერებში იგი თავის თავს ასე მოიხსენიებს: მღვდელ მონაზონი ამვროსი“ (A756, 166v), „ფრიად ცოდვილი მღუდელ-მონაზონი ამვროსი” , „სიონის დეკანოზის შვილი ამბროსი” (H 1293, 58v). მას სასულიერო იერარქიის მაღალ საფეხურზეც არ აუღია ხელი გადამწერის რთულსა და შრომატევად საქმეზე. წილკანში გადაუწერია სახარების იოანე ოქროპირისეული თარგმანება(H280), კრებული (A317), ძლისპირნი ღვთისმშობლისანი(A 1153), სადღესასწაულო (H 973), ღვთისმშობლის საგალობლები (Q808). გარდა წიგნების გადაწერისა, ამბროსი საკუთარი ჰომილიების კრებილსაც ადგენდა.

ამბროსი ნეკრესელს წიგნებს უკვეთდნენ უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები: გიორგი ბატონიშვილს (მეფე გიორგიXII ) მისთვის გადაუწერინებია იოანე ოქროპირის თარგმენება იოანეს სახარებისა (H3,1768 წ). და თარგმანება სამოციქულოსი (H2141, 1769 წ), სარდა-ლსახლთუხუცეს იოანე მუხრან-ბატონს შეუკვეთია ღვთისმშობლის საგალობლები (Q808,1787). ანტონ პირველისთვის გადაუწერია წიგნი კირილე დიდისა. გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობისას ნინოწმინდელი მიტროპოლიტის საბა ტუსიშვილისთვის დაუმზადებია საგალობელთა კრებული(H 1684, 1777), რომელშიც შესულია სავედრებელნი უფლისა, ღვთისმშობლისა ,ჯვრისა, წმინდა ნინოსი და დავით გარეჯელისა.

ამბროსი ნეკრესელის მიერ გადაწერილი ხელნაწერები შინაარსისა და დანიშნულების მიხედვით შეიძლება რამდენიმე სახედ დაიყოს; 1. ლიტურგიკულ-საღვთისმსახურო. 2. ეგზეგეტიკური. 3.სამოძღვრო. 4.ჰომილეტიკური. 5.ისტორიული თხზულებები. 6.კრებული.

გაკვირვებას იწვევს ამბროსი ნეკრესელის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა რაოდენობა „წყურვილმან წერილისამან” , მძიმე სულიერ ღვაწლს შეუთავსა გადამწერის რთული შრომაც, რათა თავისი მრევლი განესწავლა საღვთისმეტყველო და საერო სიბრძნე. გადასაწერათ შერჩეული მასალა მეტყველებს მღვდელმთავრის დაინტერესებაზე როგორც წმინდა მამათა სწავლებებით, ეგზეგეტიკური ნაშრომებით, ფილოსოფიური თუ ისტორიული თხზულებებით, ასევე გეოგრაფიით , ასტრონომიით, პოეზიით და საერო მეცნიერებათა სხვა დარგებით.